29/04/2026
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და აეროპორტების გაერთიანების დელეგაცია კორეის რესპუბლიკის წამყვანი ავიაკომპანიების - Korean Air-ისა და T’way Air-ის წარმომადგენლებს შეხვდა
კორეის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს დელეგაცია კორეის რესპუბლიკის წამყვანი ავიაკომპანიების - Korean Air-ისა და T’way Air-ის წარმომადგენლებს შეხვდა. დელეგაციას წარმოადგენდნენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის მოადგილე ალექსანდრე გაჩეჩილაძე და საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ლევან მოსეშვილი.
შეხვედრებზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის რეგულარული ავიამიმოსვლის დაწყების შესაძლებლობები, ადგილობრივი ავიაბაზრის პოტენციალი და კორეის რესპუბლიკიდან ტურისტული ნაკადების ზრდის შესაძლებლობა.
აღინიშნა, რომ კორეის რესპუბლიკის ავიაკომპანია Korean Air-მა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ჩარტერული ფრენების შესრულების თაობაზე განაცხადი შემოიტანა. 2019 – 2025 წლებში საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის ავიაკომპანიებმა 11 ჩარტერული რეისი შეასრულეს.
შეხვედრას დაესწრო კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული მიხეილ თიგიშვილი.