10/08/2026
ალბათ, არასდროს არავის უფიქრია ფოთში ტურისტად წასვლაზე. მათ შორის არც ჩვენ, მაგრამ წელს ვცადეთ და გთავაზობთ მიზეზებს, რატომ უნდა წახვიდეთ თქვენ 💙
1. საზღვაო სეზონზე შესაძლებელია მალთაყვაში დასვენება, ქვიშიანი სანაპიროა, ნაკლები პაჭაპუჭა საბავშვო პლასტმასის გამოფენილი გასართობებით, რაც დიდი კომფორტია ბავშვებიანებისთვის, ყოველ შემთხვევაში ჩვენთვის.
2. ნაკლები ხალხია, ნაკლები რიგები, თუმცა ნაკლები გასართობიც.
3. ფოთში მშვენიერი სუფთა გაწიკწიკებული ცენტრალური მწვანე პარკია, ნაყინებით და ცივი ყავებით.
4. ფოთი ერთადერთი ქალაქია საქართველოში, რომელიც წინასწარაა დაგეგმარებული პარიზის სტილში. მადლობა ნიკო ნიკოლაძეს.
5. მადლობა ნიკო ნიკოლაძეს ასევე იმიტომაც, რომ ამ ქალაქის მთავარი კათედრალი (აღდგომის ტაძარი) აია სოფიას მინი ვერსიაა და ასეთი საქართველოში მხოლოდ ერთია, ანუ ფოთში. ეკლესია საბჭოთა პერიოდში თეატრად გადაუკეთებათ, 2000იან წლებში კი პატრიარქის ინიციატივით დაბრუნებულა ისევ ტაძარი.
6. ეგ ტაძარი ფაქტობრივად ფოთის გულია, საიდანაც ყველა მხრიდან გაშლილია ქალაქის მთავარი ქუჩები და გამოდის, რომ ამ ქალაქში ყველა გზას (ყველა ქუჩას) ტაძართან მიჰყავხართ.
7. იქვეა ნიკო ნიკოლაძის კოშკიც. ანუ შენობა, სადაც ნიკო მერობისას მუშაობდა. შეგიძლიათ ეწვიოთ ამ შენობას, რომელიც მუზეუმად ფუნქციონირებს.
8. აუცილებლად სანახავია ფოთის შუქურაც, რომელიც მე19 საუკუნეში ინგლისიდან ჩამოუტანიათ და სრულად თუჯისგანაა დამზადებული. კოშკზე ასვლა შესაძლებელია, საიდანაც შეგიძლიათ ნახოთ, როგორ უერთდება რიონი შავ ზღვას.
9. ნიკო ნიკოლაძეზე ბევრს არ ვისაუბრებთ ახლა, მაგრამ აუცილებლად სანახავია ფოთში მის მიერ ჩამოყვანილი გერმანელი არქიტექტორის, ფრიკის არქიტექტურა. ასეთია ერთ-ერთი შენობა - თავის დროზე სასტუმროდ აშენებული ,,ბრისტოლი”, დღეს აქ საკმაოდ მშვენიერი რესტორანი ფუნქციონირებს, სადაც შავი ზღვის თევზეულის და მეგრული სამზარეულოს დაგემოვნებაც შესაძლებელია.
10. კოლხური კულტურის მუზეუმი. ჯერ რესტავრაციაშია, მაგრამ როცა კი დასრულდება, აუცილებლად სანახავია… ხომ
უნდა ვიცოდეთ, საიდან მოვდივართ და რა გვეკუთვნის.
11. პალიასტომი და კოლხეთის დაცული ტერიტორიები - აქ კატერების ტურით უნდა წახვიდეთ. მართლა კოლხური ამაზონია თავისი ფლორით და ფაუნით, სიველურით და სიმშვიდით. მწვანე კუნძული • GreenislandPoti